Tuesday, June 7, 2011

გენდერული თანასწორობა საქართველოში


არ ვიცი რატომ, მაგრამ ქართველებს ბევრი რამ სხვანაირად ესმით. ხალხიც სხვანაირია თითქოს, ხშირად ალოგიკურად მსჯელობენ და როცა კუთხეში მიიმწყვდევ შენი სიმართლით, ამბობენ, რომ "საზოგადოებაში ეს ასეა მიღებული".

მე არ ვცნობ საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებს. მე საკუთარი გონება მაქვს და შემიძლია, სხვისი აზრისგან დამოუკიდებლად ვიაზროვნო.

დღეს გენდერულ თანასწორობაზე ვფიქრობდი. ეს საკითხი უმავლესობას თავის სასარგებლოდ ესმის. გენდერული თანასწორობა ითვალისწინებს სქესთა თანაბარუფლებიანობას, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ამ უფლებებს სხვანაირად იგებენ და აღიქვამენ. რატომღაც ბევრი კაცისთვის შეურაცხმყოფელია, როცა წარმოიდგენს, რომ შეიძლება ოჯახში ქალზე მაღლა აღარ იდგეს. არადა, რატომ? ქმარი რომ მყავდეს, მე კი არ ვიდგებოდი მასზე მაღლა ან ის კი არ იდგებოდა ჩემზე მაღლა, არამედ ერთ საფეხურზე ვიქნებოდით. არც მე მაქვს ვინმეზე მეტი უფლებები და არც სხვას - ჩემზე მეტი.

არსებობს კიდევ მეორე ვარიანტი - ქალის დამოკიდებულება თანაბარი უფლებების მიმართ. ბევრი ქალი რატომღაც თავს კაცზე ნაკლებად თვლის, რაც ჩემთვის სრულიად გაუგებარია. მე არ მესმის ასეთი მაზოხიზმის. ასეთ ქალებს ალბათ ბავშვობიდან ჩააგონეს, რომ ბევრი რამის უფლება არ აქვთ, რომ კაცი მათზე მაღლა დგას, რომ კაცია ყველაფერი, ქალი კი - არაფერი, ან რამე ამდაგვარი. სხვანაირად როგორ გავიგო ის, რომ ქალი კაცთან შედარებით საკუთარ თავს უუფლებოდ თვლის? არავის ეწყინოს, მაგრამ ეს არის მონური აზროვნება.

No comments:

Post a Comment